ჟურნალი ნომერი 5 ∘ ციური გვენეტაძე სიმბოლო და პერსონაჟი ქართულ ხალხურ ზღაპარში „გველვაჟი“გველი ერთ-ერთი უძველესი და ფართოდ გავრცელებული სიმბოლოა მსოფლიო კულტურაში. გველი ამბივალენტური ბუნებისა. ამიტომ მისი სახე ზეპირსიტყვიერებასა თუ მატერიალურ ძეგლებზე წარმოდგენილია, როგორც ბოროტი, ისე კეთილი გამოვლინებებით. გველის ორბუნებოვნების ასახვას ვხვდებით მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის ფოლკლორში.
გველის სიმბოლო თავის თავში შეიძლება აერთიანებდეს ურთიერთსაპირისპირო თვისებებსა და ნიშნებს. 1) იგი მომწამვლელია, მაგრამ ასევე განმკურნებელი. 2) გვევლინება ბოროტების/ეშმაკის სიმბოლოდ. 3) არის ცბიერების, მაცდუნებლობის სიმბოლო. 4) გვევლინება სიბრძნის სიმბოლოდ (აქ შედის მისი მცველობისა და საიდუმლოს მფლობელის ფუნქციაც) 5) გველი არის განახლების სიმბოლო. 6) ზოგ შემთხვევაში, იგია სიწმინდისა და ღვთაებრიობის სიმბოლო, ხან კი თავად ღმერთის სიმბოლო. 7) და ბოლოს, გველი, რომელიც კუდს კბენს, მარადიულობის სიმბოლოა. წინამდებარე ნაშრომში მოცემულია მცდელობა, წარმოადგინოს გველის სიმბოლოს ყველა ეს მახასიათებელი ქართული ხალხური ზღაპრის - „გველვაჟის“ მაგალითზე. ზღაპრის სიუჟეტი უმნიშვნელოვანეს მითოლოგიურ მოტივებს შეიცავს.
ზღაპრის მთავარი გმირი - გველვაჟი ავი არ არის, მაგრამ მის მიმართ შიში, როგორც უბედურების მომტანი არსების, მთელ თხრობას გასდევს. ზღაპრის დასაწყისიდანვე, „იყო ერთი დედაბერი, ხანგადასულს გოუჩნდა შვილი, მაგრამ სულ რომ არ გაჩენოდა ის ერჩია, გველი დეებადა“ [ქართული სიტყვიერება, 1956: 177], კარგად ჩანს გველისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, მისი „უხსენებლობა“. მეფესაც ის ბოროტი ჰგონია: „შეჭამს ის წყეული გველი ჩემს ქალსაო“ [ქართული სიტყვიერება, 1956: 179]. ასევეა მხევლის შემთხვევაშიც, როცა ის ოთახიდან გამომავალ შუქს დაინახავს, სადაც გველ-ვაჟი და მეფის ასული იმყოფებიან, იჯავრებს: „ცეცხლი რომ ამოუშვას პირიდან და დაწვას დედოფალი“ [ქართული სიტყვიერება, 1956: 179]. აქ ჩანს კიდევ ერთი თვისება გველისა (გველეშაპისა) იგი ცეცხლისმფრქვეველია, და ამ ელემენტსაც ატარებს თავის თავში. გველი - როგორც ბოროტების სიმბოლო უნივერსალური ხასიათისაა, რაც ქართულ ფოლკლორშიც კარგადაა ცნობილი. ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, თუ რატომ არიან განიცდიან პერსონაჟები შიშს კეთილი გველვაჟის მიმართ.
ზღაპარში გველი მეტყველების უნარითაცაა დაჯილდოებული, რაც ასევე მისი ფართოდ გავრცელებული თვისებაა, როგორც შუამდინარულ კულტურაში, ისე ბერძნულ მითოლოგიასა თუ ბიბლიაში. ტექსტში ვკითხულობთ: „დედა შეშფოთდა. ის შეაშინა იმან, რომ გველმა ენა ამეიდგა და დეიწყო კაცივით ლაპარაკი“ [ქართული სიტყვიერება, 1956: 178], აქედანვე ჩანს, რომ გველი კაცთა ენის მცოდნეა. მისი სიბრძნე და გონიერება კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება მის მიერ სამი გამოცანის გამოცნობის ეპიზოდში.
გველვაჟი ზღაპარში ბოროტებასთან და სიბნელესთან კი არა, ნათელთან და სიკეთესთანაა წილნაყარი. მისი კეთილი ბუნება შემდეგნაირად ვლინდება სიუჟეტში: როცა იგი თავის ცოლს ეალერსება, უცებ გადაიქცევა მზესავით მანათობელ, ოქროსფერთმიან ჭაბუკად. აქ შემოდის კიდევ ერთი სიმბოლო გველისა - განახლებადობა. გველი იცვლის ძველ ტყავს და ახალი ცხოვრებისთვის თითქოს თავიდან იბადება.
მზესა და გველს მჭიდრო ურთიერთკავშირი აქვს, როგორც შუამდინარულ, ისე ბერძნულ მითოლოგიებში, ასევე ბიბლიაში. ფსიქოლოგიაში მითოლოგიურ სიმბოლოებს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება. კარლ გუსტავ იუნგი „მეტამორფოზის სიმბოლოებში“ წერს რა გველისა და მზის ურთიერთკავშირზე, რამდენიმე საინტერესო ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. „მზის გზას გამოსახავდნენ გველის სახით (ისევე, როგორც ასირიულ მთვარის გზას,), რომელიც ზურგით ზოდიაქოს ნიშნებს ატარებს (ისევე, როგორც მითრას მისტერიაში Deus leontocephalus-ი,). ამ მოსაზრებას ადასტურებს ერთი ადგილი ვატიკანის კოდექსიდან, რომელიც კიუმონმა გამოსცა. მანიქეურმა სისტემამ ქრისტეს სახე-ხატს დაამატა გველი, კერძოდ სამოთხის ხის გველი (შდრ. იოანე 3, 14: "და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა..."). ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ წარმართები, როგორც ტერტულიანე გვამცნობს, მზეს ქრისტიანთა ღმერთად მიიჩნევდნენ. მანიქეველებისთვის კი მზე მართლაც ღმერთი იყო. [იუნგი, 2017: 115] ის, რომ მზის გზას გველის სიმბოლოთი გამოსახავდნენ და ის ფაქტი, რომ ქრისტე და მისი მოციქულები გაიგივებული იყო მზესთან და 12 ზოდიაქოს ნიშანთან, კიდევ უფრო აძლიერებს ღმერთსა და გველს შორის კავშირს. მზე შემოქმედის, ღვთიურობის, ნათელის, სიკეთის სიმბოლოა. შუამდინარულ მითოლოგიაში შამაში მზის, სამართლიანობის ღმერთია (ამიტომაც გამოხატავდნენ შუამდინარულ საბეჭდავებზე მას სასწორთან ერთად), ეგვიპტურ კულტურაშიც რა (მზე) სინათლისა და სიკეთის ღმერთად გვევლინება, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, მზის ღმერთი სიკეთისა და ნათლის გამომხატველია, ხოლო ქრისტიანობაში - მზე ღმერთის ერთ-ერთი კანონიკური სიმბოლოა.
გველის მანათობელ ჭაბუკად გადაქცევა მიანიშნებს მის კეთილ ბუნებაზე, იგი ასხივებს, ნათელმოსილია, რაც შეუძლებელია ბოროტების ატრიბუტი იყოს. ამასთანავე, ყურადღებას იქცევს ჭაბუკის ოქროსფერი თმა, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა მისი მზესთან წილნაყარობისა, მისი ღვთაებრიობისა. იუნგი მზის სიმბოლოსთან დაკავშირებით ეხება მითრას კულტს და განიხილვას მზის იმ ატრიბუტებს, რომლებიც მითრას ლიტურგიაში ერთმანეთის მიყოლებით გვევლინებიან. ამჟამად ყურადღებას შევაჩერებთ მითრას აღწერილობაზე, რაც თითქმის მთლიანად ემთხვევა გველვაჟის სახეს. „ღმერთს ძლევამოსილს, მანათობელი სახით, ჭაბუკურს, ოქროსფერი თმით, თეთრსამოსიანს, ოქროსფერი გვირგვინით“ [იუნგი, 2017: 110] ოქროსფერი თმას საკუთარი ფუნქციური დანიშნულება აქვს მითოლოგიაში. დალის ოქროსფერი თმა აქვს და მისი მოჭრის შედეგად კარგავს ძალას და კვდება. სამსონს, რომლის ძალა ასევე თმაშია, ძველებრაული ტრადიციის მიხედვით ოქროსფერი თმა ჰქონდა. შემთხვევითი ფაქტი არაა ზღაპრებში ოქროსთმიანი ჭაბუკისა თუ მეფის ასულის არსებობა. არც ფენიქსის ოქროსფერი ბუმბულია უცხო, არც ოქროს ვაშლები თუ სხვ. ოქროსფერი თმის მზესთან კავშირი და მზიურობის გამოხატულება, ქრისტიანობაში იქცა შარავანდედად, რომელიც ასევე ოქროსფერია და ღმერთან მყოფობის, წმინდანობის, ანუ მზესთან მყოფობის სიმბოლოა.
ნაწარმოების ბოლოს ვაჟადქცეული გველი გარდაიქმნება მტრედად. მტრედი სიწმინდისა და მშვიდობის (მტრედი ზეთისხილის რტოთი) სიმბოლოა ძველ აღთქმაში. ახალ აღთქმაში იგი არის სულიწმინდის სიმბოლოც, რაც დასაბამს იღებს ქრისტეს ნათლისღებიდან, როცა სულიწმინდა სწორედ მტრედის სახით გარდამოვიდა ციდან (მათ. 3, 16-17), II-III სს.-ის აპოლოგეტი ტერტულიანე ქრისტიანულ ტაძარს სიმბოლურად «მტრედის სახლს» ადარებს. ტერტულიანე მტრედს უპირისპირებდა წარმართთა დახურულ და ლაბირინთებიან საწმიდარებს, რომელთა სიმბოლოდ ის გველს, «ნათლის მოძულე» არსებას სახავდა. „გველი უსინათლო ხვრელებში იშენებს საბუდარს, მტრედი კი — ნათელში, რადგან მას, როგორც «სული წმიდის ხატს, აღმოსავლეთი — ქრისტეს ხატი უყვარს“ [კიკნაძე, 1996: 54]. მტრედი, როგორც ეკლესიის მაშენებელი ქართულ ფოლკლორშიც გვხვდება. ის ადამიანებს ეხმარება იმ ადგილის პოვნაში, რაც ჩვეულებრივ უხილავია და სადაც ჯვარს სურს დამკვიდრება. „მთის საყმოთა ანდრეზებში მტრედი არა მხოლოდ აუწყებს საკლავის სისხლში სამგზის ამოწებული ნისკარტით, რომ ახალ ადგილს ჯვარი დაარსდა, არამედ აშენებს კიდეც ამ ნისკარტით ეკლესიის სახეს. ასეთი ანდრეზი ჯერჯერობით მთიულეთ-გუდამაყარშია დადასტურებული და დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი სალოცავის — დუმაცხოს ზეგარდის წმიდა გიორგის დაარსებასთან.“ [კიკნაძე, 1996: 54).
გველი და მტრედი ერთი შეხედვით ერთმანეთის საპირისპირო სიმბოლოებია, თუმცა ჩვენს ზღაპარში, ეს ასე არ არის. გველი ჯერ იქცევა ჭაბუკად, შემდეგ კი - მტრედად. გველის ტრანსფორმაცია მტრედად შემთხვევითი არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, აქ აქცენტირებულია გველის ამბივალენტური ბუნება, იგი არა მხოლოდ ბნელეთისა და ბოროტების, არამედ სიკეთის მატარებელიცაა, ამიტომაც იქცევა ის ჯერ მანათობელ ვაჟად და შემდეგ მტრედად. მტრედი თიამათის (დიდი გველის) სამსხვერპლო ცხოველია. იმ ურჩხულის, რომლის მოკვდინების შემდეგაც ქმნის მარდუქი სამყაროს. გველი სიმბოლოა მიწისქვეშეთის, ქვესკნელის. ადამიანი არის შუასკნელის სიმბოლო, ხოლო ფრინველი კი - ზესკნელისა და ზეცისკენ სწრაფვის. ვფიქრობ, ამ ტრანსფორმაციით ნაჩვენებია ის, რომ გველვაჟი სამივე სკნელის გამაერთიანებელი არსებაა და სამივე სკნელის ცოდნას ფლობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის უნივერსალურ გააზრებას.
მტრედად ქცეული გველვაჟი მზეთუნახავისგან წავა. ქალი მას დაედევნება მამისგან ნათხოვარი რაშით. მტრედი შუა ზღვაში, ერთ კუნძულზე მდგარ „კოდალივით სწორ მაღალ ალვის ხეზე“ [ქართული სიტყვიერება, 1956: 180] დაჯდება. აქ გასათვალისწინებელია ზღვის ჭიპის ალეგორია და ალვის ხე. ქართული მითოლოგიის მიხედვით, ზღვის ჭიპი ადგილსამყოფელია „ეშმაკთა ხელმწიფის“. „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით ქაჯების, რომლებიც ასევე ბოროტი ძალის პერსონიპიცირებული სახეა ნაწარმოებში. ამავე დროს ესაა სამყაროს ცენტრი. შემთხვევითი არაა, რომ კირკესგან წასული ოდისევსი ჰადესში კირკეს დახმარებით ხვდება. აიაიეს კუნძულს კი შემდეგნაირად აღწერს ოდისევსი: “...ფრიალო, ამაღლებულ ადგილზე ასულმა დავინახე / კუნძული, რომელსაც უკიდეგანო ზღვა გარს გვირგვინივით შემორტყმია“ [ოდისეა: X,194-197]. სამყაროს ცენტრში არის მთავარი დურანქი. შუამდინარულ მითოლოგიაში ენლილი - ჰაერის უფალი თავადაა ყველაზე მთავარი მაკავშირებელი. მისი ზედწოდებაა „დიდი მთა“ (ქურ-გალ) და განსახიერებს „დიდ სვეტს“ (დიმ-გალ). ქალაქი ნიფური, შუმერული რელიგიის ცენტრი, კი წარმოდგენილია არა მხოლოდ შუმერის, არამედ ქვეყნიერების შუაგულად, სადაც გადის სამყაროს „დიდი ღერძი“ (დიმ-გალი). ანუ ნიფური შუმერთა წარმოდგენით არის სამყაროს ჭიპი (ცენტრი), ენლილის - მთავარი დურანქის - საკულტო ცენტრი.
გველვაჟთან კუნძულზე დგას მაღალი, სწორი ალვის ხე. ხე ზოგადად დურანქის უნივერსალური სახეა, მათ შორის ქართულ ფოლკლორშიც. განსაკუთრებით კი ეს ეხება მუხასა და ალვის ხეს. საქართველოს მთიანეთში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, ის ადგილი სადაც სალოცავია დაარსებული არის შუაგული, საიდანაც მთელ საყმოზე გადადის კურთხევა. სამყაროს „შუაგულის კლასიკური განსახიერებანია მთელი ფშავისთვის ლაშარის მუხა და ხევსურეთში ხმალას ალვის ხე, რომელსაც ანდრეზის თანახმად წმიდა მირონი სწვეთდა გამუდმებით და იქვე, მის ძირას ჩამარხულ ქვევრებში გროვდებოდა, რათა იქიდან მთელი ხევსურეთის სალოცავებში განაწილებულიყო. ადგილი, სადაც მირონის წყაროა, წმიდა საყმოს შუაგულად უნდა ვიგულოთ. ... ცხადია, ის ხე, რომელიც აერთებს ცას და მიწას, სამყაროს შუაგულშია ამოსული [კიკნაძე, 1996: 26].
მტრედად ქცეული გველვაჟი მიფრინავს კუნძულზე ზღვაში და ბინას იდებს ალვის ხის წვერზე. ქართულ საკულტო სიმღერებსა და ანდრეზულ პროზაში, ხშირად ალვის ხე ანგელოზების ბუდედაა მიჩნეული, საიდანაც მათი ხმატკბილი გალობა მოისმის: „ზედ ისხდეს ანგელოზები, მჴართ ებნეს ოქროს თბენია. ისენ წვრილი ჴმით გალობენ, ყურება სანატრელია [კიკნაძე, 1996: 98]. მტრედი სწორედ ალვის ხის კენწეროზე ჯდება და ამ ხის მეშვეობით უკავშირდება თავის სატრფო მზეთუნახავს.
ზღაპარში თავდაპირველად გველვაჟი არის დიდი გველი, რომელიც განასახიერებს მიწისქვეშეთს, იგი მოგვიანებით იქცევა ნათელმოსილ ჭაბუკად, ანუ დურანქად და განასახიერებს შუასკნელს, ბოლოს კი იქცევა მტრედად, რაც ზეცისა და ზესკნელის სიმბოლოდ შეგვიძლია, მივიჩნიოთ.
მთავარი პერსონაჟი მოგზაურობს დედამიწაზე, მიწისქვეშეთში და ზეცაში და ტრასფორმირდება სამივე სკნელის შესაბამისად, ხოლო მას შემდეგ, რაც ის გახდება ფრინველი, ანუ გადაინაცვლებს ზესკნელში, მიწასთან და შუასკნელთან მაკავშირებლად იყენებს ალვის ხეს. გველი სამივე სკნელის გამაერთიანებელი სიმბოლოც არის ზღაპარში.
ზღაპარი ამით სრულდება: „დღესაც ასე დაფრინავს რაშით მზეთუნახავი და მტრედიც თავზე ევლება, ხან მხარზე აჯდება მზეთუნახავს. მათი ფოფინი და ფორთქნილი დაუსრულებელია" [ქართული სიტყვიერება, 1956: 180]. როცა ალვის ხე გადმოიხრება, მზეთუნახავს უნდა, ხელი წაატანოს ფრინველს, მაგრამ ამაოდ. მტრედისა და მზეთუნახავის სიყვარული დაუსრულებელი წრებრუნვა გახდა, რომელიც დღესაც გრძელდება. აქ კი თავს იჩენს კიდევ ერთი სიმბოლო გველისა - ესაა მარადიულობა.
ზღაპარი „გველვაჟი“ აერთიანებს გველის სიმბოლოს თითქმის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს: გველი არის
1. ბოროტებისა (ეშმაკის) და მიწისქვეშეთის სიმბოლო;
2. განახლების სიმბოლო;
3. მკურნალის სიმბოლო;
4. სიწმინდის და ღმერთის სიმბოლო.
5. სიბრძნის სიმბოლო;
6. მაცდუნებლის სიმბოლო.
7. მარადიულობის სიმბოლო.
8. სამივე სკნელის გამაერთიანებელი სიმბოლო.
გველვაჟი დიდი გველიდან ტრანფორმირდება ჭაბუკად, ხოლო შემდეგ კი მტრედად, რაც გულისხმობს, რომ იგი სამივე სკნელის: მიწისქვეშეთი (გველი), შუასკნელი (ადამიანი) და ზესკნელი (მტრედი), წარმომადგენელია და სამივე სამყაროს ცოდნას ფლობს. ზღაპარში სრულად ვლინდება გველის ამბივალენტური ბუნება, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა მითოლოგიურ სისტემაში და მათ შორის, ქართულში. უფრო მეტიც, გველვაჟი არა მხოლოდ ამბივალენტური პერსონაჟია, არამედ თავის თავში უამრავ სხვა მითოსურ მოტივსაც აერთიანებს.
ბიბლიოგრაფია
1. ბიბლია 2014. თბილისი.
2. ბიბლია განმარტებებით. 2019. ტომი 2. თბილისი.
3. ეგვიპტური მითოლოგიის ლექსიკონი. 2015. თბილისი.
4. ინწკვირელი ე. ბიბლიური სიუჟეტების ხალხური ვარიანტები. 2004. თბილისი. (დისერტაცია)
5. იუნგი, კარლ გუსტავ. მეტამორფოზის სიმბოლოები. 2017. თბილისი.
6. კიკნაძე ზ. არწივი და სამი სკნელი. http://saunje.ge/index.php?id=1434&lang=ru
7. კიკნაძე ზ. ქართული მითოლოგია. 2007. თბილისი.
8. კიკნაძე ზ. ქართული მითოლოგია- „ჯვარი და საყმო“. 1996. გელათის მეცნიერებათა აკადემიის შრომები ფოლკლორისა და მითოლოგიის სერია №1. ქუთაისი.
9. კიკნაძე ზ. შუამდინარული მითოლოგია. 2007. თბილისი.
10. კიკნაძე ზ. „ხმელეთი და ზღვა ქართულ მითოსში. (ელექტრონული სტატია)
http://saunje.ge/index.php?id=904&option=com_content&lang=ru.
11. რუსთაველი შ. ვეფხისტყაოსანი. 2010. თბილისი.
12. ხალხური სიტყვიერება. 1956. ტომი V. ქართული ზღაპარი. მ. ჩიქოვანის რედ. თბილისი.